„კოგალიმავიას“ ლაინერის დაღუპვა, რომელიც შარმ–ელ შეიხიდან სანკტ–პეტერბურგისკენ მიემართებოდა, ეგვიპტისადმი რუსი ტურისტების ინტერესის შემცირებას არ გამოიწვევს და ეს ქვეყანა მათ შორის ისევ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დარჩება.
ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ, რომ თუ მოთხოვნის შემცირება მაინც მოხდება, ეს მხოლოდ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ყველაზე დიდ დარტყმას თავად ავიაკომპანია მიიღებს, რომლისადმიც ნდობა მკვეთრად შემცირდება.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაია ლომიძის თქმით, მოთხოვნის ორკვირიანი ვარდნა ყოველთვის ფიქსირდება მსხვილი კატასტროფების შემდეგ, მალე კი ისევ ზრდას იწყებს. ამას სპეციალისტები „შოკურ შემცირებას“ უწოდებენ.
ეგვიპტე რუს ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.სტატისტიკის თანახმად,მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეგვიპტეში 1,05 მილიონმა რუსმა ტურისტმა იმოგზაურა. ამ მიმართულების პოპულარობაზე გავლენა რუსული რუბლის დევალვაციამაც კი ვერ მოახდინა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ფრენების შეჩერებას ლაინერების შემოწმების პერიოდში, რომელიც კატასტროფის შემდეგ დაიწყო.
„კოგალიმავიას“ თვითმფრინავმა Airbus A321–მა, რომელიც რეისს ასრულებდა შარმ–ელ შეიხიდან სანკტ–პეტერბურგში, კატასტროფა 31 ოქტომბერს განიცადა, ის კვიპროსთან კავშირზე აღარ გამოჩნდა და რადარებიდან გაქრა. ლაინერი სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები უკვე ნაპოვნია. ბორტზე მყოფი ყველა, 224 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ინფორმაციით, ლაინერი ჰაერში დაიმსხვრა, თუმცა კატასტროფის მიზეზების შესახებ სპეციალისტები ჯერ ვერ საუბრობენ.
დასავლურ მედიაში ტერაქტის ვერსია მეორეხარისხოვანია. ეგვიპტის ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ ეს ვერსია უსაფუძვლოა და ყურადღებას ლაინერის შესაძლო გაუმართაობაზე ამახვილებს.