სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „ჯორჯიან ეარვეისის“ (აირზენა) რვაპუნქტიანი მოთხოვნიდან ერთი დააკმაყოფილა – რუსული ავიაკომპანიები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შეუზღუდავი რეისების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

 

გადაწყდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებამდე, რუსული ავიაკომპანიები 14-ის ნაცვლად კვირაში მხოლოდ 10 რეისს შეასრულებენ.

 

ამ გადაწყვეტილების გამოტანამდე, დღეს მოვლენები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

 

„აირზენას“ წარმომადგენლების თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლას ხელს უწყობენ, რაც „ჯორჯიან ეარვეისს“ (აირზენა) განვითარების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც კომპანიის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ.

 

მისივე თქმით, საქართველოს ავიასისტემაში მონოპოლისტი თურქული ავიაკომპანიები არიან და მგზავრთა გადაყვანა-გადმოყვანის 70 პროცენტი სწორედ მათზე მოდის. 

 

„აირზენამ“ პროტესტის ნიშნად, დღეიდან რუსეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა. 

 

მიუხედავად ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა, „ჯორჯიან ეარვეისი“ გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებს. კომპანიის თანამშრომლები ხვალ აქციის გამართვას ეკონომიკის სამინისტროსთან გეგმავენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნააა, სააგენტო ამ უწყებას გამოეყოს და უპირველესად, ქართული კომპანიების ინტერესები გაითვალისწინოს.