შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით დაფრინავს, ივანიშვილის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა

შპს „ავიასერვისი“, რომელიც თბილისი–მესტიის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს, 40%–იან წილს VANITY OVERSEAS LIMITED ფლობს, ეს უკანასკნელი კი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილებაა. 2010 წლის დეკემბრიდან, როდესაც მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა, მესტიის მიმართულებით ფრენებს კანადური „Kenn Borek Air“ ასრულებდა.

რეისები სახელმწიფოს მიერ ლიზინგით აღებული კანადური წარმოების 19-სავარძლიანი DHC-6-300 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა, თუმცა 2013 წლის აპრილში კანადურ კომპანიას კონტრაქტი დაუმთავრდა და ფრენები შეწყვიტა. წელს კი, 11 იანვრიდან მესტია–თბილისის მიმართულებით ფრენები განახლდა. ახლა მათ МИ-171 ტიპის 18-22–ადგილიანი ვერტმფრენი კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს ახორციელებს, ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება კი 50 ლარს შეადგენს. თბილისი–მესტია–თბილისის მარშრუტით ავიარეისების ღირებულების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს 100 000 ლარი გამოეყო. რაც შეეხება კომპანიას, რომლის საკუთრებაშიცაა МИ-171 ტიპის ვერტმფრენი, ეს შპს „ავისერვისია“. როგორც “Frontnews”-მა საჯარო რეესტრის მონაცემებზე (28.01.2013) დაყრდნობით გაარკვია, შპს „ავისერვისის“ დირექტორი ალეკო ტყემალაძეა, ხოლო პარტნიორები – შპს „ქართული ჰოლდინგი“ (60%) და ვირჯინიის კუნძლებზე 1998 წელს დარეგისტრირებული „ვენითი ოვერსიზ ლიმითედი“ (VANITY OVERSEAS LIMITED). აღსანიშნავია, რომ VANITY OVERSEAS LIMITED იმ წერილშია ნახსენები, რომელიც 2012 წლის 28 ივნისს ერთ–ერთმა ქართულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა და რომელშიც ივანიშვილი თავისი კომპანიების ფიქტიურ მფლობელს სთხოვს, კომპანიები შვილზე – უტა ივანიშვილზე გადააფორმოს. „15 ივნისი, 2012 წელი: ბატონ ვასილიადისის საყურადღებოდ: ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან, პატივცემულო ბატონო ვასილიადის! გთხოვთ, შემდეგი კომპანიები: TARPAN MANAGEMENT LIMITED, FINSEK LIMITED, SARGANS LIMITED, RINGOLD FINANCE LIMITED, KRISTA INVESTMENT LIMITED, VISALIA ENTERPRISES LIMITED, GILMAR HOLDING LIMITED, FRESNO MANAGEMENT LIMITED, VANITY OVERSEAS LIMITED გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს“, – ეს არის ამონარიდი წერილიდან (წყარო: http://presa.ge/new/?m=politics&AID=17310 ). “Frontnews” შეეცადა, აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე უშუალოდ ყოფილ პრემიერთან გადაემოწმებინა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის (გრიპი) გამო ექს–პრემიერთან კონტაქტზე გასვლა ვერ მოხერხდა. თუმცა იმაზე, რომ შპს „ავიასერვისის“ 40% ივანიშვილების ოჯახის საკუთრებაა, ისიც მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის საიტზე მითითებულ ელექტრონულ მისამართში „ქართუ ჯგუფია“ ნახსენები.

Читайте также:  "ეარ ასტანა" რეისებს ამატებს