”ავიაკომპანიების კონკურენტუნარიანობა დაბალია”

კვირაში 18 რეისი მოსკოვის მიმართულებით, რომელსაც სამი რუსული ავიაკომპანია შეასრულებს, ”აირზენასთვის” შეშფოთების საგანი გახდა. ”აირზენას” იგივე ”ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი  ხელოვნურად გაზრდილ ფრენის სიხშირეებზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს,

რაც შესაძლოა შეექმნას არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ქართულ ავიაკომპანიებსაც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს, გურამ ჯალაღონიას თავისი არგუმენტი აქვს სამი რუსული ავიკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით და ის იასე ზაუტაშვილის განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კი საფრთხეებს მნიშვნელოვნად აფასებს და რეკომენდაციებს იძლევა.

იასე ზაუტაშვილი მცირე ისტორიულ ექსკურსს აკეთებს, როგორი იყო ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით და რა რაოდენობის მგზავრი ჰყავდა ამ მიმართულებას –  ” 2009 წლიდან, ყოველდღიურად სრულდებოდა 2 რეისი მოსკოვის მიმართულებით. ერთი რეისი სრულდებოდა რუსული ავიაკომპანია “სიბირის” მიერ, მეორე რეისი კი “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ. უკანასკნელი 5 წლის სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მგზავრთა საშუალო რაოდენობა ყოველდღიურად, 250-270 კაცს შეადგენს. შესაბამისად, ეს ორი რეისი აბსოლუტურად ყოფნიდა იმ მოთხოვნას, რომელიც მოსკოვის მიმართულებაზე არსებობდა ამ წლების განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდა რეისების რაოდენობა და დღეში ორი რეისის ნაცვლად, სამი რეისი განხორციელებულიყო. ეს იყო პერიოდი, სანამ რუსეთში კრიზისი დაიწყებოდა. ასევე, ეს იყო ზაფხულის პერიოდი. ამიტომ, ამას ჩვენც დავეთანხმეთ, რადგან მგზავრების მომატება მოსალოდნელი იყო. შემდეგ რუსულმა მხარემ მოითხოვა თბილისი-მოსკოვს შორის რეისების რაოდენობა დღეში ოთხამდე გაზრდილიყო. ეს არის სწორედ 14 სიხშირე კვირაში. ჩვენ გვქონდა არგუმენტები, რომ 4 რეისი (14/14 სიხშირე) არ სჭირდება ამ მიმართულებას, რადგან ჯერ ერთი, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მგზავრთა რაოდენობა 250-ს არ აჭარბებს და მეორეც, რუსეთში კრიზისული პერიოდია და არ ველოდით მგზავრთა ნაკადის მატებას. კიდევ არის რამდენიმე გარემოება: როგორც წესი, მთელ მსოფლიოში, ზამთრის პერიოდში მგზავრთა რაოდენობა მცირდება, ამიტომ, ძირითადად, ავიაკომპანიები ზამთრის პერიოდში ამცირებენ ფრენების რაოდენობას. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი ჯერჯერობით მოგვარებული არ არის (მხოლოდ საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან), ჩვენი მგზავრებისთვის რუსეთში გამგზავრება ისევ პრობლემად რჩება. ამიტომ გამოვთქვით ჩვენი პროტესტი ამ 14 სიხშირესთან დაკავშირებით”,- ამბობს ზაუტაშვილი.

Читайте также:  მოლდაველი გამომგონებლის იდეამ შეიძლება გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში

თუმცა 14/14 სიხშირე ძალაში დარჩა და რუსეთში ორ ავიაკომპანიას, ,,აეროფლოტსა” და ,,სიბირს” შორის განაწილდა. საქართველოდან კი 14-ვე სიხშირით, ფრენის უფლება ,,ჯორჯიან ეარვეისს” ჰქონდა. მოგვიანებით, 14/14 სიხშირე 18/18 სიხშირით შეიცვალა. 25-26 დეკემბერს ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გამართული შეხვედრების შედეგად, რუსულმა მხარემ თანხმობა მიიღო, დღეში 4 რეისის ნაცვლად 6 რეისი (18/18 სიხშირე) განეხორციელებინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს უფლება მიეცათ, რომ პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე, კვირაში 18/18 სიხშირით რეგულარული ფრენები განახორციელონ. ასევე, გადაწყდა, რომ 2015 წლის დასაწყისში, ტექნიკური კონსულტაციები გაგრძელდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით იასე ზაუტაშვილი თავის პოზიციას აფიქსირებს: ”6 რეისი დღეში (18/18 სიხშირე) იმ მიმართულებაზე, თბილისი-მოსკოვზე, სადაც 250 კაცზე მეტი არ დაფრინავს, არის გაუმართლებელი და ეს აბსოლუტურად გაუთვლელი და გაუანალიზებელი ქმედებაა. ეკონომიკურად ამას არანირი შედეგი არ ექნება, არანაირ მგზავრთა ნაკადის მატებას ადგილი არ აქვს. ეს გამოიწვევს ჩვენი ავიაკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებას. რუსულ ავიაკომპნიებს, ალბათ შორსმიმავალი გეგმები აქვთ, ისინი იმედოვნებენ, რომ აქედან ევროპაში იფრენენ”,- აღნიშნავს იასე ზაუტაშვილი.

Читайте также:  მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი

მისივე თქმით, რუსული ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე ასეთი სახით შემოსვლა ქართული ავიაკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებას და ქვეყნიდან სერიოზული შემოსავლების გადინებას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციაში. მისივე ინფორმაციით, რიგში კიდევ 8 ავიაკომპანია დგას, რომლებიც საქართველოში შემოსვლას გეგმავენ.

ამ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, გურამ ჯალაღონია bpn.ge- სთან საუბრისას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ”ტრანსაეროს”, ”აეროფლოტისა” და ”სიბირის” გარდა, სხვა კომპანიები აღარ შემოვლენ. რაც შეეხება ”აირზენას” დირექტორის განცხადებას ქართული ავიაკომპანიების შესაძლო გაკოტრებასთან და რუსული ავიაკომპანიების მიერ ქართული ბაზრის დაკავებასთან დაკავშირებით, გურამ ჯალაღონია პროვოკაციულს უწოდებს. ”ეს არის პროვოკაციული განცხადება. ჩვენ მომხმარებლის ინტერესებს ვითვალისწინებთ. რუსული ავიაკომპანიები მომხმარებელს დაბალ ფასებს სთავაზობენ. ”აირზენას” ყველა რუსული კომპანია თანამშრომლობას სთავაზობს, ის კი უარს ამბობს. კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთი ქალაქის იმედზეა, საერთოდ არ უნდა არსებობდეს”, – აცხადებს ჯალაღონია.

Читайте также:  ინდოეთში უვიზოდ ვიფრენთ

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ საფრთხეები აბსოლუტურად სერიოზულია. მისი თქმით, ქართული ავიაკომპანიების კონკურენტუნარიანობა დაბალია, რუსულ კომპანიებს კი კონკურენტების ჩაძირვა შეუძლიათ. მისივე თქმით, ეს საკითხები მსჯელობის საგანი უნდა გახდეს: ”უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან შედეგებზე. რუსული ავიაკომპანიები შემოვლენ დაბალი ფასებით ბაზარზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, მათ ისევ აწიონ ფასები, რადგან კონკურენტი აღარ ეყოლებათ. ეს მომხმარებელს დააზარალებს. უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელს არ დააზარალებს”,- აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ცნობისათვის, ”აეროფლოტი” რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა. მას ზოგჯერ ”პუტინის რუსეთის უდიდეს სიმბოლოდაც” მოიხსენიებენ. ავიაკომპანიის განკარგულებაში 153 ავიალაინერია და კომპანია რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანაში, 121 მიმართულებით ასრულებს. ასევე ძლიერი ავიაკომპანიაა ”ტრანსაერო”, რომელიც 1991 წლიდან ფუნქციონირებს და რუსეთის ისტორიაში პირველ კერძო ავიაკომპანიად ითვლება.

ბპნ.გე