ავიაკომპანიებში ბილეთების გაიაფებას ელიან

2 არაბული და 1 რუსული კომპანიის შემოსვლის შემდეგ კონკურენცია ერთბაშად გამძაფრდება. 

 

ქართული ავიაბაზრით უცხოური ავიაკომპანიები ინტერესდებიან. 2 ახალი არაბული კომპანიის გამოჩენასთან ერთად, ფრენას რუსული ”აეროფლოტიც” განაახლებს.

 

ავიაკომპანიის წარმომადგენლები ერთხმად კონკურენციის ზრდაზე ალაპარაკდნენ და აცხადებენ, რომ ცვლილება ფასის შემცირებაზეც აისახება. ნაწილი ორმაგ კლებასაც პროგნოზირებს. მათი განმარტებით, ოქტომბრიდან ბილეთის ღირებულება სეზონურად 10%-ით შემცირდება და კონკურენციის გამო, დამატებითი ფასდაკლებაც მოსალოდნელია.

 

საქართველოში ავიაკომპანიების რაოდენობა იზრდება. როგორც ”რეზონანსს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ”ეარ არაბია” შეასრულებს. ავიარეისები იწყება თბილისი-აბუ დაბის მიმართულებითაც. მას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაციონალური ავიახაზები, ”იტიჰად ეირვეიზი” განახორციელებს. პირველი რეისი 2015 წლის 2 ოქტომბერს შესრულდება. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიის შემოსვლა ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს ”როუტეს სილკ როად 2014”-ს უკავშირდება.

 

სულ მალე, ავიაკომპანიების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, რუსული ”აეროფლოტი” შეემატება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია ”ტავჯორჯიაში” განმარტეს, ”აეროფლოტი” დიდი პაუზის შემდეგ ფრენას 27 ოქტომბრიდან განაახლებს და რეგულარულ რეისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღიურად შეასრულებს.

 

ასეთ გააქტიურებას კონკურენციის ზრდად აფასებენ ავიაკომპანიების ”ბელავიას”, ”პეგასუსის”, ”უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” და ”ალიტალიას” წარმომადგენლები. ეს მათ მუშაობაზე დადებით გავლენას მოახდენს და გამოიწვევს ბილეთზე ფასის შემცირებას.

Читайте также:  უკრაინის ქალაქ ოდესას და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა განახლდება

 

”ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიების რაოდენობის ზრდა, რა თქმა უნდა, კონკურენციას გაზრდის, რაც შემდგომ ფასზეც იმოქმედებს. ჩვენ კი სიახლე არ გვეხება. რუსული ”აეროფლოტის” კვლავ გააქტიურება და არაბული ავიახაზების შემოსვლა ”ალ იტალიას” მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს, რადგან ჩვენ რეისებს რუსეთში არ ვასრულებთ. გარდა ამისა, არც პირდაპირ ფრენას ვახორციელებთ. აქედან გამომდინარე, არაბული ავიაკომპანიის და რუსული აეროფლოტის შემოდინება ჩვენს მუშაობაზე გავლენას არ იქონიებს”, — აცხადებს ”ალ იტალიას” გაყიდვების სააგენტოს გენერალური მენეჯერი გიორგი ლიპარტიანი.

 

კონკურენციის ზრდაზე საუბრობს ავიაკომპანია ”ბელავიას” წარმომადგენლობის დირექტორი ვახტანგ მეზურნიშვილიც. მისი ვარაუდით, ახალი ავიაკომპანიები მათ მუშაობაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.

 

”პირდაპირ რეისს მინსკში ვახორციელებთ. ბელარუსის დედაქალაქის გავლით ევროპისა და აზიის მიმართულებით დავფრინავთ. ასევე ვასრულებთ ავიარეისს მოსკოვშიც. ამ მარშრუტზე ბილეთის მინიმალური ფასი 340 ლარს შეადგენს. ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ (მათ შორის, რუსული ”აეროფლოტის”) და გააქტიურებამ, შესაძლოა, ფასის 10%-იანი კლება გამოიწვიოს. კონკურენციას ჩვენი ავიაკომპანია სერვისის გაუმჯობესებით და ფასის კლებით მოახდენს. გააჩნია გარემოებას, იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ”, — ამბობს ავიაკომპანია ”ბელავიას” წარმომადგენლობის დირექტორი ვახტანგ მეზურნიშვილი.

 

ავიაბაზრის გააქტიურების დადებით შედეგებზე ისაუბრა კომპანია ”გასას” წარმომადგენლობის დირექტორმა ლევან ელიზბარაშვილმაც. მისი აზრით, ეს ცვლილება კონკურენციის ზრდასთან ერთად, ფასის კლებას გამოიწვევს. ”მომხმარებლებს უფრო დიდი არჩევანის საშუალება, მეტი ალტერნატივა ექნებათ. ისინი გადაადგილებას უფრო იაფად შეძლებენ. ბილეთზე ღირებულების კლება, ბაზრის წილებიდან გამომდინარე, მოხდება, ანუ იმისდა მიხედვით თუ ვის რა მიზნები და რა შემოსავალი აქვს დაგეგმილი”,- განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

Читайте также:  „ბოთლით გაგიხეთქავ თავს“ - დაძაბულობა ავიაციის სააგენტოში

 

მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ”გასას” მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს. ”ავიაკომპანია ”ეარ არაბია” ჩვენ შემოგვყავს. ასე რომ, კონკურენტები არ ვართ. ჩვენ წარმოვადგენთ ორივე ავიაკომპანიას, ”გასას” და ”ეარ არაბიას”. ”პეგასუსი” დაფრინავს ევროპაში, ”ეარ არაბია” კი რეისს აზიის მიმართულებით შეასრულებს. რაც შეეხება რუსული ”აეროფლოტის” შემოსვლას, ესეც ჩვენს მუშაობაზე არ იმოქმედებს, რადგან მოსკოვის მიმართულებით ფრენას არ ვასრულებთ”, — განმარტა ელიზბარაშვილმა.

 

წინა რესპონდენტის მსგავს პროგნოზსა და შეფასებას აკეთებს ”უკრაინის ავიახაზების” წარმომადგელობის დირექტორიც. ლალი ბეშკენაძის თქმით, 3 ავიაკომპანიის გამოჩენა ქართულ ავიაბაზარზე იმოქმედებს.

 

”როცა ახალი ავიაკომპანიები შემოდიან, პირველ ეტაპზე ბილეთის ფასი იკლებს, მერე სტაბილურდება და ბაზრის გადანაწილება ხდება. ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე მოხდება. სამი ავიაკომპანიის შემოსვლა ბაზარზე, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს. სეზონური ფასდაკლება ისედაც იქნება, მაგრამ ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბილეთის ფასის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. ჩვენ, ძირითადად, ორიენტირებულნი უკრაინის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებაზე ვართ. აზიის ქვეყნეშიც დავფრინავთ, მაგრამ ”ეარ არაბიას” კონკურენტად მაინც არ მოვიაზრებთ. რაც შეეხება რუსულ ”აეროფლოტს”, ის უფრო მეტად ჩვენ მიმართულებებზეა. შევხედავთ ისინი რას მოიმოქმედებენ.

Читайте также:  აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ბარგიდან ნივთებს იპარავდა

 

ბილეთების გაიაფება ისედაც მოხდება, მაგრამ თუ ”აეროფლოტი” დემპინგს დაიწყებს, რა თქმა უნდა, ყველა ავიაკომპანია უპასუხებს ამ ცვლილებას, რადგან ყველა დაიცავს თავის ბაზრის წილს, მათ შორის, ჩვენც”,- ამბობს ლალი ბეშკენაძე.

 

”უკრაინის ავიახაზების” წარმომადგენელმა ”რეზონანსთან” იმ საფასო პოლიტიკაზეც ისაუბრა, რაც ავიაბაზარზე ხდება. მისი განმარტებით, ბილეთზე ღირებულება ამჟამად სეზონის მიხედვით ისედაც გაიაფდება. ”აქტიური სეზონიდან პასიურ სეზონზე როდესაც გადავდივართ, გადავხედავთ ხოლმე სატარიფო პოლიტიკას და ამ დროს ფასი ისედაც იკლებს. ეს არ არის დაკაშვირებული ახალი მოთამაშის შემოსვლასთან. ფასი მცირდება ზამთრის ნავიგაციიდან, რომელიც ოქტომბრიდან იწყება. ყველა მიმართულებას თავისი ღირებულება აქვს. საშუალოდ, გაიაფება 7-10%-ის ფარგლებში ხდება, შეიძლება უფრო მეტიც იყოს”, -განაცხადა ბეშკენაძემ.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ რამდენიმე თვის წინათ როუტეს სილკ როად 2014-ის ფორუმზე 300-მდე დელეგატს, 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობდნენ ავიაკომპანიები ”ატლასჯეტი”, ”პეგასუსი”, ”ეარ ბალტიკი”, ”იზიჯეტი”, ”იტიჰადი”, ”ეარ არაბია”, ”ეარ აზია” და კიდევ ბევრი სხვა.

 

მათი განმარტებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამჟამად მოლაპარაკების პროცესშია სხვა ავიაკომპანიებთანაც. მათი ნაწილი კიდევ ახალი ავიაკომპანიების გამოჩენის მოლოდინშია. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ქართული ავიაბაზრით კიდევ რომელიმე მათგანი დაინტერესდეს.

 

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”