ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა ”დაიპყრეს”

”ავიაკომპანია არ არის რესტორანი, ან შპს, რომელიც შეიძლება დღეს გახსნა და ხვალ დახურო”. სექტემბერი საქართველოს ავიაბაზრისათვის საინტერესო სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა: ქართული ავიაბაზრით ერთიმეორის მიყოლებით დაინტერესდნენ არაბული,

 

ირანული, რუსული კომპანიები — სულ მალე ირანული ავიაკომპანია «მაჰან ეარი» საქართველოს მიმართულებით ფრენას დაიწყებს. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ბრუნდება რუსული «აეროფლოტი», რომელიც რეისებს 28 ოქტომბრიდან განახორციელებს. «აეროფლოტს» კვალდაკვალ მოჰყვა რუსული ავიაკომპანია «გლობუსი», რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 2 ნოემბრიდან აპირებს. არანაკლებ აქტიურობს არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია «ეარ არაბიაც», რომელიც ავიარეისებს ოქტომბრის ბოლოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებს. ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი რეისები დაინიშნოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რომელიმე ჩინური ავიაკომპანიის შემოსვლა.

 

ბოლო წლებში ქართულ ავიასივრცეში უცხოური კომპანიები ყოველთვის აქტიურობდნენ, ახლა კი მათ ჩვენი ავიაბაზრის დიდი წილი აქვთ ”დაპყრობილი”: ”თურქეთის ავიახაზები”, ”პეგასუსი”, ”ატლასჯეტი”, ”ალიტალია”, ”ფლაიდუბაი”, ”ალმა-ატა” -საქართველოში ოპერირებენ ჩეხური, ესტონური, ყაზახური კომპანიები… რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, მათი წილი მშობლიური ცის ქვეშ საკმაოზე მეტად მოკრძალებულია. საქართველოში დღეს ძირითადად ორი ქართული კომპანია ოპერირებს — ”ჯორჯიან ეარვეისი” და ”ფლაილისტა”. სწორედ ისინი დაფრინავენ როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ბაზარზე. მართალია, ქვეყანაში რამდენიმე მცირე ავიაკომპანიაც საქმიანობს, მაგრამ ისინი შიდა რეისებს ახორციელებენ და ამ სფეროში ფონს ვერ ქმნიან. ”ჯორჯიან ეარვეისი” ანუ ავიაკომპანია ”აირზენა” 1993 წლის სექტემბერში დაარსდა, ერთი წლის შემდეგ კომპანიას სახელი შეეცვალა და ”ჯორჯიან ეარვეისი” დაერქვა, თუმცა ძველი სახელწოდება ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება. აშკარაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ავიაბაზარზე ”აირზენა” ლიდერის პოზიციას არ თმობდა.

 

,,ერთიანი საჰაერო ცის შეთანხმების» შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დარგში წარმოადგენს ”ასოცირების ხელშეკრულების» შემადგენელ ნაწილს, საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. ცვლილებები გულისხმობს ევრორეგულაციებისა და სხვადასხვა დირექტივების დანერგვას, ასევე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას თანამედროვე საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებთან. აუცილებელი გახდა ქართული ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 11 ავიაკომპანიის რესერტიფიცირება და ამ პროცესის დასრულებამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა ახლად დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორ ქართულ ავიაკომპანიას — ”ეარ კავკასუსსა” და ”ეი ჯი აის”-ს, ასევე ნატახტარის საავიაციო სკოლას ლიცენზია უკვე შეუჩერა, რადგან ისინი კანონით დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

Читайте также:  ავიაკომპანიებში ბილეთების გაიაფებას ელიან

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა ქართული ავიაკომპანიების სიმცირეს არაჯანსაღი კონკურენციით ხსნის: ”20 წელია ავიაბაზარზე ვარ და კარგად ვიცი რაც ხდებოდა და ხდება. ედუარდ შევარდნაძისა და კახა თარგამაძის დროს, როცა კორუფცია ყვაოდა, ქართული ავიაკომპანიები ჩვენი ავიაბაზრის 60 %-ს ფლობდნენ, მართალია მათ სახელმწიფო აკონტროლებდა, მაგრამ უცხოური კომპანიები აქ ფეხს ვერ იკიდებდნენ, მარტო ”თურქიშ ეარლაინი” დაფრინავდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოხდა კარგიც და ცუდიც: კარგი იყო ის, რომ ბაზარი გაიხსნა და ავიაკომპანიებს შეეძლოთ ემოქმედათ. ავიასივრცეში შემოვიდა ”კავკასიის ავიახაზები”, ჩვენც დავიწყეთ ოპერირება და ქართული ავიაბაზარი უფრო ღია გახდა. ბაზარზე იყო ”თბილავიამშენი” და სხვა კომპანიები, რომლებსაც მართალია უმნიშვნელო წილი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ავიაკომპანიების წილი მთლიანობაში იყო 50 პროცენტი, მეორე 50 პროცენტი კი -უცხოურ კომპანიებს ეკავა. თუმცა, ფარული გარიგებები მაშინაც ხდებოდა, ასევე ხდებოდა ”აირზენას” ლობირებაც. ფარულ გარიგებებს ადგილი ჰქონდა შევარდნაძისა და თარგამაძის დროს, ეს ტენდენცია გააგრძელა ვანო მერაბიშვილმა, მაგრამ გარიგებები არ მოშალეს ღარიბაშვილმა და ჭიკაიძემაც. ფარული გარიგებები ახლაც გრძელდება, ამის გამო კი ქართული ავიაცია ზარალობს, ამიტომ, თუ ადრე ქართული მხარე ფლობდა ჩვენი ავიასივრცის 50 პროცენტს, ახლა მხოლოდ 17-18%-ს ფლობს. იყო დრო, როცა ავაიკომპანიები ერთმანეთის გაკოტრებასა და ჩაძირვაზე ხარჯავდნენ ფულს და არა ამ ბაზრის განვითარებაზე. ”აირზენას” ფულიც კონკურნეტების ჩაძირვასა და გაკოტრებაში მიდიოდა. ნორმალური პროცესი რომ ყოფილიყო, ქართული კომპანიების წილი ქართულ ავიასივრცეში გაიზრდებოდა და უცხო კომპანიების ინტერვენცია აღარ მოხდებოდა. იმ დროს, როცა ჩვენ ერთმანეთს ვებრძოდით, ”თურქეთის ავიახაზები” გონივრულად მოქმედებდა და სიხშირეებს ამატებდა. ”თურქულ ავიახაზებს” მოჰყვა ”პეგასუსი”, მერე კი — ”ატლასჯეტი”. აქ შემოვიდნენ იტალიური, არაბული, ყაზახური, ჩეხური, ესტონური კომპანიები… ერთი სიტყვით, ქართული ბაზარი უცხოურმა კომპანიებმა დაიპყრეს. ”აირზენა” კი ყოველთვის პრივილეგირებული იყო: ჯერ შევარდნაძეს ატარებდნენ, მერე სააკაშვილს, ახლა კი ეს კომპანია ღარიბაშვილს ატარებს. მაგათ ჰგონიათ, თუ ქართულ კომპანიებს მოერევიან, თვითონ გაძლიერდებიან, მაგრამ მსოფლიოში სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან კი ასეა: ვისაც შეუძლია ღარიბაშვილთან მივიდეს და ყურში ჩასჩურჩულოს, ის იმარჯვებს, ხოლო ვისაც არა — ყველანი მიგდებულები ვართ. ქართულმა ავიაკომპანიებმა ერთმანეთი არ დაინდეს და შედეგიც აშკარაა: რეისი, რომელიც თავის დროზე მე არ დამითმო ”აირზენამ”, წაიღო სხვა, უცხოურმა კომპანიამ. ამჟამად ჩვენი ავიაბაზრის 18 პროცენტი სწორედ ”აირზენასია”, ”ფლაილისტა” ამ სფეროში უმნიშვნელო როლს ასრულებს, დანარჩენ წილს კი უცხოელები აკონტროლებენ. ”აირზენა” ჩვენ დაგვერია და გაგვაჩერა, ქართული კომპანიების ადგილი კი უცხოელებმა დაიკავეს. ამ კინკლაობაში ქართული ავიაბაზარი ვერ დაწინაურდა. ჩვენი კომპანიები უცხოელებს ვერც ფასით უწევენ კონკურენციას, ვერც სერვისით და ვერც ერთი სხვა პარამეტრით. ავიაცია არ არის თბილისი-ხაშური, ან თბილისი-გორი, ამ სფეროში ქვეყანა მსოფლიო დონეს უნდა აკმაყოფილებდეს”.

Читайте также:  ნადირაშვილი-ეკონომიკის მინისტრის მიერ შეძენილ 4 ბილეთში ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი დაიხარჯა

 

კომპანია ”ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის აზრით, რეგულაციების დაწესება ქართულ ავიაბაზარზე აუცილებელია: ”გიორგი კოდუას ვეთანხმები იმაში, რომ ქართულ ავიაბაზარზე ადგილობრივი კომპანიები უნდა მომრავლდნენ, მაგრამ მის მიერ ჩვენი კომპანიის კრიტიკას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ჩვენს გარდა ქართულ ავიაბაზარზე ”ფლაილისტა” და სხვა კომპანიებიც არიან, რომლებიც რეისებს ასრულებენ თუშეთში, მესტიაში, საქართველოს სხვა ადგილებში. ასე რომ, ქართულ ავიაბაზაზრე მარტო ”ჯორჯიან ეარვეისი” არ საქმიანობს.

 

აქვე აუცილებლად უნდა შევეხო საკითხს, რომელსაც ძალიან დიდი კამათი მოჰყვა: კერძოდ, მთავრობა ავიაკომპანიების სერტიფიცირების პროცესს დროებით აჩერებს. ეს გადაწყვეტილება მე სრულიად სამართლიანად მიმაჩნია. რატომ? — ახლავე აგიხსნით: დაუშვებელია ნებისმიერმა ადამიანმა 200-ლარიანი სერტიფიკატი აიღოს და ავიაკომპანია გახსნას. ავიაკომპანიის ფლობისათვის საჭიროა რეგულაციების, ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. ეს მოთხოვნები დაწესებულია ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმის. საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ოთხჯერ გახსნეს და დახურეს ავიაკომპანია, ხოლო მათ მიერ დაგროვილი ვალები სახელმწიფოს გასასტუმრებელი გახდა. ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიცემოდა სერტიფიკატები ჩვენს სფეროში. ამან კი იქამდე მიგვიყვანა, რომ უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო IKAO-მ საქართველო ”შავ სიაში” შეიყვანა და გაუთანაბრა ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ბოცვანა, უგანდა და სხვა აფრიკული ქვეყნები. ამიტომ, ეს შეზღუდვები უფრო ადრეც უნდა მიეღოთ, სანამ ”შავ სიაში” შეგვიყვანდნენ. მართალია, ჩვენ განვითარებად ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქართული ავიაცია ვერც ნორვეგიას გაუტოლდება, ვერც დანიას, ან საფრანგეთს, მაგრამ ძირითადი ნორმები მაინც უნდა დავიცვათ. ავიაკომპანია არ არის რესტორანი, ან შპს, რომელიც შეიძლება დღეს გახსნა და ხვალ დახურო.

Читайте также:  სოფელ ხურჩაში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი მთავრობის წევრებმა შეაფასეს

 

ხათუნა ჩიგოგიძე