ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ხურჩაში, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. სოფელში დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა.
თავიდან თვითმფრინავი უკან მალევე დაბრუნდა, მოგვიანებით კი, ისევ შემოფრინდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხურჩის თავზე ტრიალებდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან სოფლის ტერიტორიის ფოტოები გადაიღეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყება ხურჩის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს შეისწავლის.
“აუცილებლად შევისწავლით თუ სად, როგორ და რა გარემოებებში მოხდა საჰაერო სივრცის დარღვევა და შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული, ისევე, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და ჟენევის დიალოგის მონაწილე ყველა დელეგაცია” – განაცხადა ზალკალიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. იგი სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენას პროვოკაციად აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს საქართველომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს.
“ბუნებრივია, აშკარა პროვოკაციაა და საჭიროა, ჩვენ ამ პროვოკაციას შესაბამისად ვუპასუხოთ – არა აგრესიულად და ისე, როგორც რუსები ამას თვლიან, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. საჰაერო საზღვარი ეხება შესაბამის სამსახურებს და ჯერ მათ უნდა მოახდინონ რეაგირება”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.